ღაზის სექტორზე თავდასხმები გრძელდება. ისრაელის ბოლო იერიშს, პალესტინური მხარის ინფორმაციით, ხან იუნისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულ დარტყმას ერთი ოჯახის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ყველა მათგანი 12 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ხან იუნისზე დარტყმას ადასტურებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცაჰალში აცხადებენ, რომ საკითხზე მოკვლევა დაიწყეს. მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი ღაზაში ოპერაციის დასრულებას არ აპირებს.
პარალელურად, საპროტესტო აქციები გრძელდება თელ-ავივშიც. მოქალაქეები ღაზაში ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მარტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა. ღაზაში ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 58 მოქალაქე. ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 53 600-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.