პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს მიმართავს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ დასანანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიცია ჯერ არ მოუსმენიათ და სურვილია, რომ უახლოეს მომავალში გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.
"სხვადასხვა საშუალებით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მის გუნდთან, სხვადასხვა წევრთან. ჩვენი გზავნილებიც გადაცემულია, მათი გზავნილებიც არა ერთხელ მოვისმინეთ, როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც ამბობს. ჩვენ რატომაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ იყო პრემიერის განცხადება საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი აზრით, ბევრი თანხვედრის მიუხედავად, დასანანია, რომ აქამდე ჯერ ჩვენ არ გვესმის მკაფიო პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და ჩვენ გვაქვს იმის სურვილი და იმედი, რომ უახლოეს მომავალში განისაზღვრება და გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. გვესმის, რა თქმა უნდა, რომ მათი დღის წესრიგი არის საკმაოდ გადატვირთული, მსხვილი თემები, როგორიც არის ომი ევროპაში, ომი ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა და ა.შ. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილები და მიზნები გვაქვს და ამ წერილის პათოსი და აზრიც სწორედ ამას ემსახურება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.