პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას აკრიტიკებს. საუბარია სალომე სამადაშვილზე, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წელს არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, თუმცა მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ევროკავშირის დაკვეთა ახალი არჩევნებია, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს.
კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად, სამადაშვილი რომ ევრო ბიუროკრატების ნებას მიიჩნევს, ამაში პრობლემას მისი თანაგუნდელები ვერ ხედავენ. "ლელოში" ამბობენ, რომ 2020 წელს ევროპელების მხარდაჭერა საზოგადოებამ დაბალი აქტიურობის გამო ვერ დაიმსახურა, რასაც პროცესის კომპრომისის გზით განმუხტვა მოჰყვა.
"ლელოს" მსგავსად, 2020 და 2024 წლის არჩევნებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს "ნაციონალური მოძრაობაც". სააკაშვილის პარტიაშიც ფიქრობენ, რომ მაშინ პროცესის ბოლომდე ვერ მიყვანა მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. განსხვავებულია გახარიას გუნდის პოზიცია. პარტია "საქართველოსთვის" წევრები დღეს არც კოლეგების კრიტიკას მორიდებიან.
"ოპოზიცია მხოლოდ უცხოელი ლობისტების დაკვეთისა და მათი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით მოქმედებს" - ასე გამოეხმაურნენ დღეს მმართველ გუნდში ოპონენტების ხედვას. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ 2020 წლის მსგავსად, პოლიტიკური ძალები დღესაც ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებენ. ამ ფონზე კი, ოპოზიციისთვის, ქართველი ამომრჩევლის ნება და დაკვეთა მეორეხარისხოვანია.
საქართველოსი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან 3-მა მანდატებზე უარი თქვა, მეოთხე კი ამ დრომდე საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს.