21 ივნისი 2026,   06:35
ვრცლად
ინტერესთა კონფლიქტი, გამჭვირვალეობის დარღვევა და ძვირადღირებული საჩუქრები - ევროკომისიამ შიდა დისციპლინური გამოძიება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ დაიწყო

ინტერესთა კონფლიქტი, გამჭვირვალეობის დარღვევა და ძვირადღირებული საჩუქრები -ეს იმ მთავარ მიზეზთა ჩამონათვალია, რომლის გამოც ევროკომისიამ შიდა დისციპლინური გამოძიება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ დაიწყო.

მობილობისა და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისიის ყოფილი ხელმძღვანელის და საგარეო თანამშრომლობის მოქმედი მაღალჩინოსნის, ჰენრიკ ჰოლოლეისთან დაკავშირებული ეს გამოძიება, მის კარიერაში პირველი არ არის. რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე სავარაუდო კორუფციის ბრალდებითაც დაიწყო. საკითხზე ვრცელი სტატია გამოცემა "პოლიტიკომ" გამოაქვეყნა.

სამართალდამცველებისთვის სისხლის სამართლის საქმის დაწყების საფუძველი გაზეთ "ლიბერასიონში" გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომელშიც საუბარია, რომ ჰოლოლეიმ და მისმა ოჯახმა, 2016-19 წლებში, რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების საჩუქრები მიიღეს, სანაცვლოდ კი ევროკავშირის სატრანსპორტო სფეროს მაშინდელმა მაღალჩინოსანმა, დოჰას საავიაციო შეთანხმების შესახებ მნიშვნელოვანი კონფიდენციალური დეტალები გაუზიარა, "ყატარის ავიახაზებს" კი ევროკავშირის ყველა აეროპორტთან უფასო წვდომა მისცა.

"ლიბერასიონის" გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ ჰოლოლეის ამგვარი ქცევა, ევროკომისიაში მისმა "ესტონური ფილიალის" წევრობამ განაპირობა. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ბრიუსელში მაღალჩინოსნების ეს კატეგორია საბჭოური მენტალობის ადამიანებისგან შედგება. ევროსტრუქტურებამდე ჰოლილეი კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა.

მედია ჰენრიკ ჰოლოლეის საქმეს "კატარგეიტს" - ანუ ყატარის ინტერესების ლობირებას უკავშირებს. მსგავსი საქმეების გამოძიების სერია 2022 წლის დეკემბერში, ევროპარლამენტში დაიწყო, როდესაც ბელგიელმა სამართალდამცველებმა 20 რეიდი განახორციელეს. ჩინოვნიკების სახლებიდან ამოიღეს ნაღდი ფული, მობილურები და კომპიუტერები. გამოძიება მთავარ ფიგურაზეც, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტზე, ევა კაილზე გავიდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, მტკიცებულებები მოიპოვეს, რაც შემდგომში მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა.

ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტის გარდა, კორუფციის საქმეში ჩართულები იყვნენ დეპუტატები, პოლიტიკოსები, ლობისტები, საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები.

დღის ამბები