09 აგვისტო 2026,   22:29
ვრცლად
ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, სამოქალაქო არეულობა და დესტაბილიზაციის პროვოცირების მცდელობები - რა წერია სუს-ის ანგარიშში

საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა - მაშინ, როცა ეს მისია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრია, მიზანი პრევენციაზე მუდმივი მუშაობა ხდება. 2024 წელი - რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა და მსოფლიოს წინაშე არსებული გაზრდილი საფრთხეები. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. რისკები, გამოწვევები და ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადაიდგა- ერთ ანგარიშში იწერება. და როცა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მთავარ გამოწვევადაც სწორედ ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი სახელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, დესტრუქციული აქტივობები და სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნები 66-გვერდიან დოკუმენტში საწყის ადგილს იკავებს.

ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა იმ გეგმასაც, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მოქმედი პირების მხრიდან მზადდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, სამოქალაქო არეულობის მოწყობა, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობა იყო. პროცესი, სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებოდა. ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება მოხერხდა და გეგმები რეალობად ვერ იქცა.

შედეგებს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაღწია, მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ აღნიშნავენ. საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობა ისევ პოზიტიურად ფასდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება. საქართველო პირველ ადგილს იკავებს "კორუფციის აღქმის" ინდექსითაც, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ მიზნად და ამოცანად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საზიანო ქმედებების გამოვლენა, პრევენცია და მათზე რეაგირებაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი ანგარიში უკვე კანონმდებლების მაგიდაზეა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმ გამწვევებზე საუბრობს, რომელიც, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ალექსანდრე ტაბატაძე აღნიშნავს, რომ უწყებამ ეფექტიანად იმუშავა. აქცენტს აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საკანონმდებლო ორგანოს მჭიდრო თანამშრომლობაზეც.

ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, სამოქალაქო არეულობა და დესტაბილიზაციის პროვოცირების მცდელობები - საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს იმ საფრთხეებზე აკეთებენ, რომლითაც 2024 წელი გამოირჩეოდა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ეკონომიკური განვითარება განაგრძო. ეს კი, მათი თქმით, უსაფრთხოების მაღალ გარანტიებთანაა დაკავშირებული.

ქვეყნის გარეთ და შიგნით მიმდინარე საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გიორგი ვოლსკის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოზეც აისახება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია.

კანონმდებლები წერილობით ანგარიშის დეტალებს უკვე იცნობენ. საკანონმდებლო ორგანოში ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ელოდებიან. საანგარიშო პერიოდის შესახებ დეტალებს დეპუტატებს ანრი ოხანაშვილი წარუდგენს.

დღის ამბები