21 ივნისი 2026,   08:44
ვრცლად
ომის დასრულება შორეულ პერსპექტივად რჩება, ვიდრე კიევი და მოსკოვი რეალურ პირობებზე დაფუძნებულ კონკრეტულ შეთანხმებას არ მიაღწევენ - შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტზე - უკრაინის ომზე საუბრობს. ჯეი დი ვენსის აზრით, ომის დასრულება შორეულ პერსპექტივად რჩება, ვიდრე კიევი და მოსკოვი რეალურ პირობებზე დაფუძნებულ კონკრეტულ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკება რომ უმოკლეს ვადებში უნდა შედგეს, ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიო ხაზგასმით საუბრობს შეთანხმების აუცილებლობაზე. დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ბრიფინგზე გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ შეითავსებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლს.

თავად ომში მყოფი ქვეყნისთვის ახლა აქტუალური საკითხი იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულებაა. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება კიევს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და ომის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენაში დაეხმარება.

მშვიდობის დამყარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთი ომში მყოფი ქვეყნის სხვადასხვა ოლქზე შეტევას კვლავ განაგრძობს. გასულ ღამეს აგრესორმა ქალაქ ზაპოროჟიეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტევის შედეგად, 29 ადამიანი დაშავდა. უკრაინაში ომი უკვე 1164 დღეა გრძელდება.

დღის ამბები