გერმანიის ფედერალურ არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ პარტიას, ორი თვის შემდეგ, ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა. "ალტერნატივა გერმანიისთვის" მისი ყველა ახალგაზრდული დანაყოფით, დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად გამოცხადდა.
გადაწყვეტილება სადაზვერვო სააგენტომ მიიღო, რომელმაც მანამდე 1 100-გვერდიანი ანგარიში მოამზადა. კონსტიტუციური წყობის დაცვის ფედერალური ოფისი გერმანიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო ფედერალური მთავრობის ან ბუნდესტაგის მიმართვის საფუძველზე იღებს. საქართველოში შესაბამის სარჩელს ამზადებს მმართველი გუნდი, თუმცა, გერმანიისგან განსხვავებით, უმრავლესობის ინიციატივას ქვეყნის გარედან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რასაც სახელისუფლებო პარტია ორმაგ სტანდარტს უკავშირებს.
ხელისუფლების ოპონენტები გერმანიაში მიღებულ გადაწყვეტილებასა და "ქართული ოცნების" ინიციატივას შორის პარალელს არ ავლებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპაში დემოკრატია სხვაგვარად მუშაობს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან შედარებით, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის გაცილებით მეტი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის - სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება.
"ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პოლიტიკური ჯგუფია. პარტია სავარაუდო ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში ჯერ კიდევ 2021 წელს შეიყვანეს.