21 აგვისტო 2026,   17:59
ვრცლად
კოვიდ პანდემიის დროს დაჯარიმებული კლინიკების ჯარიმის 75%-ს სახელმწიფო დაფარავს - კლინიკები ფინანსურ რესურსს ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახარჯავენ

ინგოროყვას კლინიკა ერთ-ერთია იმ სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომელსაც კოვიდ პანდემიის პერიოდში დაგროვებული ჯარიმების გადახდა სრულად აღარ მოუწევს. მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, კლინიკები დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ 25 პროცენტს დაფარავენ. მედიკოსები ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება სექტორისთვის მნიშვნელოვანია და გამოთავისუფლებული თანხა კლინიკების განვითარებას მოხმარდება.

დარჩენილი ჯარიმების დაფარვის შემდეგ, კლინიკები ფინანსურ რესურსს ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახარჯავენ. სფეროს წარმომადგენლების თქმით, მიღებული შეღავათით სამედიცინო დაწესებულებები სერვისების გაუმჯობესებას, აპარატურის განახლებასა და კლინიკების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას შეძლებენ.

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, კლინიკებს ფინანსური ვალდებულების დაფარვა 60 დღის განმავლობაში მოუწევთ, თუმცა სამინისტროსთან შეთანხმებით საჭიროების შემთხვევაში გადასახდელი თანხა 1 წელზე გადანაწილდება. შეღავათით ისარგებლებს ყველა კლინიკა, რომელიც კოვიდ პანდემიის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით დაჯარიმდა.

კოვიდ პანდემიის დროს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა 47 კლინიკას დაეკისრა, თანხის ოდენობა კი დღევანდელი მონაცემებით 26 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობის გადაწყვეტილებით ჯარიმის 75 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

დღის ამბები