ჯო უილსონის მრჩეველს პრანკერები თავად კონგრესმენის რჩევით დაუკავშირდნენ, როდესაც უილსონს ეგონა, რომ პეტრო პოროშენკოს ესაუბრებოდა. სწორედ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კონსტანტინ იელისიეიევის სახელით გაეცნენ ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსსაც. პოლ მასაროს პრანკერების კითხვებზე გულწრფელი პასუხები ჰქონდა, ისაუბრა საქართველოში მაიდნის სცენარის ალბათობაზე, პროტესტის ხელშეწყობაზე და ამ კონტექსტში მეგობარი აქტის მიღების მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა USAID-სა და NED-ის საქმიანობასაც, რაზეც კონგრესმენის მრჩეველმა არ დამალა, რომ ფონდები საზღვარგარეთ ე.წ. ვოუქ იდეოლოგიის დამკვიდრებაზე მუშაობდნენ.
წამოცდენა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციაზე გარე აქტორები მუშაობდნენ - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ფონდების ანტიეროვნულ მიზნებზე აქამდე თავადაც ღიად საუბრობდნენ, რაც გავრცელებული ჩანაწერის შინაარსმა კიდევ ერთხელ ამხილა.
ოპოზიციის ერთი ნაწილი უნდობლობას გავრცელებულ აუდიო-დიალოგს უცხადებს, მეორე ნაწილი კი თავად უილსონის მრჩეველს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები და დემონსტრანტები არიან.
უმრავლესობა ოპონენტების და ხელისუფლებასთან ოპონირებაში მყოფი გარე აქტორების, მათ შორის ჯო უილსონის საერთო ინტერესებზე მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული ძალები ხელისუფლების შეცვლას სხვადასხვა მეთოდებით, ლობისტებითა თუ ფონდებით ცდილობენ.
პოლ მასარო, ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსი, აქტიურია საგარეო ურთიერთობებში. რუსი პრანკერები ჯო უილსონის მთავარ მრჩეველს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ჯერ თავად უილსონი დაპრანკეს. რამდენიმე დღით ადრე კი პეტრო პოროშენკოსა და გარი კასპაროვის სახელით გაესაუბრნენ სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილსაც.