ე.წ ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოვაჭრეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
პოლიციელების მხრიდან, სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, დაზარალებულების ნაწილმა რკინის ჯებირები გაარღვია და შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, კი სამართალდამცველებმა მოვაჭრეებს ბაზრობის ტერიტორია დაატოვებინეს.
დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებსაც ბაზრობაზე ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვა პროდუქციის მაღაზიები ჰქონდათ, ახლა ზარალის დათვლას და პასუხისმგებელი პირებისგან, ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
ე.წ ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი შპს ბაქანია. კომპანიას ბაზრობის მოწყობა და ფუნქციონირება "თბილისი ცენტრალთან" გაფორმებული ხელშეკრულებით ევალება. თბილისი ცენტრალს კი ეს ფართი 49 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით საქართველოს რკინიგზისგან აქვს აღებული. შპს "ბაქანის" დამფუძნებელი დღეს დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.
ვიდრე, ბაზრობის ტერიტორიაზე პასუხისმგებელი პირი გამოძიების დასრულებას ელოდება, დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით თბილისის მერიას მიმართეს. მოვაჭრეებს დღეს ვიცე-მერი შეხვდა.
დიდუბეში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გუშინ დილის 6 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის ოპერაციაში 150 მაშველი და 30 ერთეული სპეცტექნიკა იყო ჩართული. ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით 3 საათი, მხრჩოლავი კერების დამუშავებას კი მთელი დღე დასჭირდა. დამწვარია დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ და აღარც საგადასახადო ვალდებულებები ექნებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.