20 აგვისტო 2026,   20:16
ვრცლად
რა შედეგებით დასრულდა ვაშინგტონში გამართული შეხვედრები - ნათია თურნავას თქმით, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური შეხვედრები პოზიტიური გზავნილებით დასრულდა

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტის შედეგებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური შეხვედრები პოზიტიური გზავნილებით დასრულდა. "ღამის კურიერის" ეთერშივე სებ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაპაუზების მიუხედავად, საქართველოსთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა და მაისში ქვეყანას სწორედ ფონდის მისია ეწვევა.

ვაშინგტონში ქართულ დელეგაციას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შტატებში შეხვედრებმა გამოკვეთა მთავარი, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხედვები ეკონომიკის არაერთი მიმართულებით თანხვედრაშია. ვიცე-პრემიერის თქმითვე, ამერიკას და საქართველოს ასევე დიდი პოტენციალი აქვთ, როგორც სავაჭრო ისე სხვა სფეროებში თანამშრომლობის კუთხითაც.

მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრების შეფასებისგან ოპოზიციის ნაწილი თავს იკავებს. ამბობენ, რომ ეს თემა მათ ინტერესში არაა.

ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ შტატებს ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმების ინიციატივაც წარუდგინა. ფინანსთა მინისტრი, რომელიც დელეგაციის წევრი იყო აცხადებს, რომ მემორანდუმმა უშუალოდ ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები უნდა მოიცვას.

ერთი კვირის განმავლობაში, ქართულმა დელეგაციამ შტატებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, შეხვედრები გაიმართა შტატების კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან.

დღის ამბები