19 აგვისტო 2026,   04:44
ვრცლად
დაზარალებული მოვაჭრეები ე.წ. ბორჯომის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩებიან - ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ დრომდე მუშაობს

დაზარალებული მოვაჭრეები ე.წ. ბორჯომის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და ობიექტზე შესვლას ელოდებიან. ჯერჯერობით, მათ შენობაში არ უშვებენ, მიზეზად უსაფრთხოების ნორმები სახელდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ დრომდე მუშაობს.

ამასთან, დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლა და ითხოვენ წარმომადგენელთან შეხვედრას.

გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ადგილზე იყო საკმაოდ ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება, ახლომდებარე სამედიცინო კლინიკა "ჰელსიკორიდან" საჭირო გახდა პაციენტების ევაკუაცია. 93 პაციენტი გადაანაწილეს სხვადასხვა კლინიკაში, თუმცა, როგორც დღეს "ჰელსიკორის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ხანთაძემ განაცხადა, პაციენტების ნაწილი უკვე დაბრუნდა კლინიკაში, ნაწილი კი ბინაზე გაეწერა.

"რისკი შეიქმნა, რომ პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდება გამხდარიყო პრობლემა. ასევე, გაითიშა ელექტროენერგია და გენერატორებს, ნაწილობრივ, ცეცხლი ეკიდა. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ყველა პაციენტის ევაკუაცია მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ და შენობას ზიანი არ მოგვადგა.

დღეს განვაახლეთ მიღება, პაციენტების ნაწილი დაგვიბრუნდა კლინიკაში და აგრძელებენ მკურნალობას. ამბულატორიული ნაწილიც განახლებულია, ჩვენთან არიან პაციენტები და სრულად ეწევათ სერვისი", - განაცხადა არჩილ ხანთაძემ.

გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები ჩამოეწერებათ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები