თეთრ სახლში სკანდალურად დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეხვდნენ. საუბრის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა ცნობილია საუბრის ხანგრძლივობა - 15 წუთი.
სამშვიდობო დიალოგის ინიციატორს, მეორე ვადით გაპრეზიდენტებიდან 100 დღის შემდეგ, ეჭვი ეპარება, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა. ამერიკის პრეზიდენტმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის მხრიდან კიევზე სარაკეტო თავდასხმებს გაუმართლებელს უწოდებს და სანქციების ახალ ტალღაზეც მიანიშნებს.
დონალდ ტრამპთან რამდენიმეწუთიანი დიალოგით კმაყოფილია ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრას სიმბოლური უწოდა, თუმცა თქვა, რომ შესაძლოა, ის გახდეს ისტორიულიც.
მანამდე იყო მთავარი მედიატორის ულტიმატუმი - ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს და უკრაინას წამმზომი ჩაურთო. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ, მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში, შესაძლოა ამერიკა პროცესიდან გავიდეს.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით, დადებითი მოლოდინები აქვთ მოსკოვშიც. რუსეთის პრეზიდენტისა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლის 3-საათიანი საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა კრემლის პრეს სპიკერმაც. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთი მზადაა, დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობის გარეშე. დიალოგის დასრულებამდე, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს რუსეთის პირველი დიპლომატი. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მისი წინამორბედის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს და ომის დასრულებისთვის კრემლის მზაობას ისიც ადასტურებს.
ამერიკის მხარდაჭერა რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტი აღიარებს იმასაც, რომ დღეს არსებული შეიარაღებით, ომში მყოფი ქვეყნისთვის ყირიმის დაბრუნება შეუძლებელია. ტერიტორიის, რომელიც შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელია.
მოლაპარაკების პროცესში უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება ევროკომისიის პრეზიდენტი. ვატიკანში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს.
ვიდრე მსოფლიო ლიდერები ომის დასრულების გეგმაზე შეთანხმებას მიაღწევენ, გასულ ღამეს დნეპროპეტროვსკის მიმართულებით რუსულმა მხარემ 150 დრონი გაუშვა. პარალელურად კი რუსული შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ პუტინს კურსკის ოლქის სრულად დაბრუნების შესახებ შეატყობინა. ვალერი გერასიმოვის თქმით, რუსულმა მხარემ უკრაინელების გაძევება ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დახმარებით შეძლო.
რაზე შეთანხმდებიან რუსეთი და უკრაინა? საბოლოო გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ელოდება. ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი ომის დასრულებამდე კი, ყოველდღიურად, აგრესორის თავდასხმებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
ავტორი: სანდრო სანაია