საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამომწურავად გასცა ყველა კითხვას პასუხი.
ამასთან, მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ სპეკულაციას უწოდებს.
"ოპოზიციის მიზანი ყოველთვის არის ის, რომ ბნელ ოთახში ეძებოს შავი კატა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცის, რომ ის იქ არ არის. ჩვენ კარგად გვახსოვს 2015 წელი, როდესაც, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ის წლების განმავლობაში ეწეოდა კერძო საქმიანობას, შემდეგ კი, დადგა ის საჭიროება, როდესაც ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში. ასევე მან განმარტა თავის განცხადებაში, რომ მიიღო გადაწყვეტილება ახლა წავიდეს პოლიტიკიდან. ასევე, კითხვაზე თავად უპასუხა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის - დაბრუნდება თუ არა და ეს დამოკიდებულია პროცესებზე. ამომწურავად გასცა პასუხები და აქ კითხვების ადგილი ალბათ აღარც არის,"- აცხადებს "ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი გურამ მაჭარაშვილი.