22 ივნისი 2026,   07:41
ვრცლად
"დღეს დილით, 7:35 საათზე, რომის ეპისკოპოსი მამის სახლში დაბრუნდა" - კარდინალი კევინ ფარელი რომის პაპის გარდაცვალებაზე

რომის პაპის ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პონთიფიკოსის გარდაცვალების დროდ, ვატიკანმა დილის 7:35 საათი გამოაცხადა.

პაპ ფრანცისკეს მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ის 38 დღის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, რის შემდეგაც ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა.

პაპი საჯაროდ ბოლოს სულ რამდენიმე წუთით, გუშინ გამოჩნდა - მან მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა, თუმცა სააღდგომო მიმართვა, მის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა.

გუშინვე მას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეხვდა - გამოქვეყნდა შეხვედრის ამსახველი ფოტოც.

"ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ, რომ გარდაიცვალა ჩვენი წმინდა მამა, ფრანცისკე. დღეს დილით, 7:35 საათზე, რომის ეპისკოპოსი მამის სახლში დაბრუნდა. მან მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. მან გვასწავლა, რომ სახარების ღირებულებების ერთგულებით, გამბედაობითა და საყოველთაო სიყვარულით გვეცხოვრა, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბებისა და ყველაზე მარგინალიზებული ადამიანების სასარგებლოდ.

მისი, როგორც უფალ იესოს ჭეშმარიტი მოწაფის მაგალითისთვის, ჩვენ პაპ ფრანცისკეს სულს ერთი და სამების ღმერთის უსაზღვრო მოწყალე სიყვარულს ვაბარებთ" - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა.

დღის ამბები