უკრაინაში ფრონტის ხაზი უცვლელია - მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები დონეცკის მიმართულებით გააქტიურდნენ და ერთ-ერთი დასახლების დაკავებას ცდილობენ. ზელენსკი აცხადებს, რომ, უკვე თვეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და სახელმწიფო მედიის საშუალებით, რუსეთის მოსახლეობას ამზადებს, რომ მოლაპარაკება და დიპლომატია უშედეგოა.
"34 დღის წინ, უკრაინამ დადებითად უპასუხა ამერიკის წინადადებას ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტის შესახებ, ისეთი თავდასხმების შეჩერებაზე, როგორიც სუმზე, კრივირიხზე, დნიპროზე, კუპიანსკზე და ბერისლავზე განხორციელდა. ასევე ისეთზე, როგორიც ფრონტის ხაზზე, თუმცა, უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლა, ისევე როგორც წლების განმავლობაში, პუტინი ორიენტირებულია ომის გაგრძელებაზე. ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მოსკოვში ახლა არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, მომავალში იმას გააკეთებენ, რასაც მიეჩვივნენ, გააგრძელებენ ომს. ეს რუსეთის სახელმწიფოს ჩვევად იქცა - ბრძოლა მეზობლების წინააღმდეგ, სიძულვილის გავრცელება და სიცოცხლის მოსპობა", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.