მოლაპარაკების მიზნით, ამერიკის პრეზიდენტი ტარიფებს 90 დღით ყველა ქვეყნისთვის აჩერებს, გარდა ჩინეთისა. მსოფლიოს მეორე ეკონომიკამ შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფები უკვე დაუწესა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ჩინეთს აკრიტიკებს, თუმცა პარალელურად შეთანხმებაზე მაინც საუბრობს.
დონალდ ტრამპის მოლოდინი ჯერ-ჯერობით არ მართლდება. ჩინეთის 125% ამერიკის 145%-ის პირისპირ - ეს ოფიციალური პეკინის პასუხია - ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან 125%-მდე გაზარდა.
ბოლომდე ბრძოლას რომ აპირებენ, ეს დაადასტურა ჩინეთის პრეზიდენტმა. "ჩინეთს არ ეშინია" - სი ძინპინმა დონალდ ტრამპის ტარიფების საპასუხოდ, პირველი საჯარო განცხადება პეკინში გააკეთა, როდესაც მასთან ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის პრემიერ- მინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა.
სი ძინპინი ევროკავშირში მოკავშირეებს ეძებს და ქვეყნებს მოუწოდებს, ერთობლივად დაუპირისპირდნენ ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკას, თუმცა ევროკავშირში ჯერ-ჯერობით სხვა გეგმები აქვთ, ისინი ტრამპის მიერ დაწესებულ 90 დღიან პაუზას, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებენ.
გლობალურმა სავაჭრო ომმა, როგორც ამ პროცესს ეკონომისტები ეძახიან, საფონდო ბირჟებზე რყევები უკვე გამოიწვია. ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ყველაზე მეტად ამერიკული კომპანიები დააზარალა. სიის სათავეშია Apple, რომლის დანაკარგიც ბოლო პერიოდის განმავლობაში 651 მილიარდ დოლარს შეადგენს.
როგორც ჩანს, "შესანიშნავ შვიდეულში" შემავალი კომპანიების ზარალი შეუმჩნეველი არ დარჩა დონალდ ტრამპისთვის. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო - ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე.
უნდა ველოდოთ თუ არა სხვა გამონაკლისებსაც - ეკონომისტები არაფერს გამორიცხავენ.