12 აგვისტო 2026,   19:40
ვრცლად
"ამის შვილი ახლა მივიდა სახლში, ახლა შევიდა არკაში და რა ვქნათო? უტრიალდება ახალაია "მოიყვანეთო", კვარაცხელია ეუბნება "პირველი მე ვიქნებიო" - ე.წ. ზილების რევოლუციის საქმის დაზარალებული ლერი ბერიტაშვილი

უკვე 4 საათია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში კომისიის წევრები ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე ლერი ბერიტაშვილს უსმენენ. დაზარალებული მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

მანამდე კომისიის სხდომაზე ბუტა რობაქიძის საქმეზე იმსჯელეს, მოუსმინეს გოჩა მუკბანიანს, რომელიც იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში მუშაობდა. კომისიაზე დღეს განიხილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003-2012 წლებში, სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

"გამთენიის, 3 საათიდან 4 საათამდე კარებზე ბრახუნი ატყდა, რომ ვიკითხე ვინ იყო - პოლიცია. ავედი საძინებლის ფანჯარაზე, რომ გადამეხედა კიდევ იქით, რამე ხომ არ ეშლებოდათ. ამ დროს უკვე კარები შემოანგრიეს და რომ დამინახეს ფანჯარაზე ვიდექი, ორი ტყვია მესროლეს. ამ ინერციამ მე გადამაგდო ფანჯრიდან, რას მოვეკიდე დღემდე არ მახსოვს. ლიფტის ჩამოსასვლელიდან ჩამოვედი და რომ დამინახეს - „აღარ გადააგდოთ, ცოცხალიაო“. მე ეგეთი ადამიანის ცემა არ მახსოვს, რაც მე იქ დამმართეს, ყველა ორგანოდან სისხლის გადმომდიოდა აბსოლუტურად.

თმებით ამაწევინეს თავი, ვითომ რაღაც სურათს შეადარეს, რომ ეს არის - ეს არის. ჩამიყვანეს მანქანაში დაბლა, მსვამენ დევის მანქანაში, გამეცნო - დევი ვარ ჭანკვეტაძეო. რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა იმის სიტყვები, რომ "შენ ახლა მიდიხარ სასაკლაოზე და ჯობია აქედანვე გააანალიზო, ჩვენ რასაც გეტყვით იმაზე თავი დააქნიო. რა ხდება მე ვუთხარი, „სახელმწიფოს გადატრიალებას რომ აპირებდითო".

ახალაია მოდის რომელ მანქანაშიც მე ვზივარ, ეს სპეცრაზმელი ჩაყავთ მანქანიდან. მძღოლს ეუბნება ორი წუთი დამელოდეო, მიტრიალდა თავის მანქანაში, ხელზე უთითო წამოსაცმელი გაიკეთა, რაზეც კასტეტი ეკეთა და მომატეხა იქვე ყბა.

შემოდის ვინმე კვარაცხელია, სახელი არ მახსოვს და გვარი დამამახსოვრდა, ტანით ჩემზე დაბალი, ცოტა კუნთმაგარი, ამასთან ერთად შემოდის მეორე პიროვნება, მაშინ ჩემი შვილი გოგო 14 წლის იყო, "ამის შვილი ახლა მივიდა სახლში, ახლა შევიდა არკაში და რა ვქნათო?" უტრიალდება ახალაია, ეს ხდება ახალაიას კაბინეტში, და ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ "მოიყვანეთ". ეს კვარაცხელია, მაპატიეთ ყველამ აბსოლუტურად ჩემი ემოციებისთვის, ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ "პირველი მე ვიქნები"," - აცხადებს ე.წ. ზილების საქმის დაზარალებული, ლერი ბერიტაშვილი.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები