29 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
ვინ მიიღებს საარჩევნო მარათონში მონაწილეობას - ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება ყოველდღე ახალ ფაზაში გადადის

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. ექსპრეზიდენტის პარტია დღეს კოლეგებსაც მოუწოდებდა, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე უარი თქვან.

ვინ მიიღებს საარჩევნო მარათონში მონაწილეობას - ამ საკითხზე ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება ყოველდღე ახალ ფაზაში გადადის. ყოფილი პრეზიდენტის პარტიის პოზიცია ყოფილი პრემიერის გუნდისთვის მიუღებელია.

არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა ხაზარაძე- ჯაფარიძის გუნდშიც. კოალიცია "ძლიერ საქართველოში" საბოლოო პოზიციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ. პარტიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათთვის მთავარი დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია.

საკუთარ რეიტინგს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოცდის "გირჩი". პარტიამ, რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე ბარიერი ვერ გადალახა და საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა, რაიონებსა და ქალაქებში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. ხელისუფლების წევრებს არც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და გაურკვევლობა უკვირთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები მხოლოდ უცხოელი დამფინანსებლების დაკვეთითა და მითითებით მოქმედებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს გაიმართება. მონაწილე სუბიექტებს 4-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

 

 

დღის ამბები