გელათის მონასტრის კედლის მხატვრობა და მოზაიკის კონსერვაცია - ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სპეციალურად შექმნილმა კომიტეტმა დღეს ანგარიში წარადგინა. ქუთაისში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გელათის სამონასტრო კომპლექსს საზოგადოება მალე ხარაჩოებისა და დროებითი კონსტრუქციების გარეშე იხილავს. პრემიერის განცხადებით, პროექტის სწორად წარმართვას, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს.
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციასთან დაკავშირებული, მიმდინარე პროგრამის ანგარიში, ბრიტანელმა და იტალიელმა ექსპერტებმა წარადგინეს. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კი იმ ვალდებულებებზე ისაუბრა, რომელიც კონკრეტული კვლევების, კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესის მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ითქვა ისიც, რომ სამუშაოების მეთოდოლოგიაზე პასუხისმგებლობას ძეგლის მესაკუთრე - საქართველოს საპატრიარქო იღებს. ხელისუფლება კი თავის მხრივ, ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ და საქართველოს კულტურის მინისტრმა.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ადგილობრივი სამეცნიერო საბჭოს მიერ, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება გრძელდება.