საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში - უკვე შედგა თანათავმჯდომარეებთან ტექნიკური შეხვედრები. განსახილველ საკითხებს შორის არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე უფლებების დარღვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის ფაქტები.
საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.
"გაიმართა წინასწარი შეხვედრები. საქართველოს დელეგაცია შეხვდა თანათავმჯდომარეებს და განხილული იყო შეხვედრის დღის წესრიგი. ძირითად თემებს შორის, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, იქნება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები. ეს არის ის რთული უსაფრთხოების ფონი, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთელი რიგი განვითარებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა წინა რაუნდის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო. მეორე ჯგუფის ფარგლებში იქნება მსჯელობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს იქნება ის ძირითად მიმართულებები, რომელზეც გამახვილდება ყურადღება," - აცხადებს ლაშა დარსალია.