უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მწვავე განცხადებების სამიზნე გახდა. მიზეზი მმართველი გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც უკრაინის სოლიდარობისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიუხედავად, უარი თქვა სახელმწიფოს ხელშეწყობით ომში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. გადაწყვეტილება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური ინტერესებით ახსნა.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის გარეთ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პარლამენტის შიგნით, ოპოზიციონერი დეპუტატები საგანგებო სხდომის გამართვასა და საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას ითხოვდნენ.
რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. ომის დაწყებიდან მესამე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შეაქო და მთავრობას მოქმედების ტაქტიკა დაუწუნა.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს კიევიდან მალე რადიკალური ნაბიჯებიც მოჰყვა. ზელენსკიმ თბილისიდან ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, შემდეგ კი უკრაინის დატოვება მოსთხოვა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, რომელიც მანამდე საომარი მოქმედებების დაწყებიდან მუდმივად ადგილზე იყო.
საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდში დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილიც. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მაშინდელმა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკა
აქციების და განცხადების პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებშიც. საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე უარი ოპოზიციამ ქვეყნის ღალატად გამოაცხადა. სოციალურ ქსელში მიმდინარე კამპანიას შეუერთდა სამოქალაქო სექტორიც.
განცხადებები არ წყდებოდა კიევიდანაც, რასაც ოფიციალური თბილისი ომში ჩართვის და მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებად აფასებდა.
ომის დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურმა თბილისმა მხარი დაუჭირა და დაასპონსორა უკრაინის მხარდამჭერი ათობით რეზოლუცია გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით. საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომელმაც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
საქართველოს მთავრობამ ომით დაზარალებულ ქვეყანაში ასეულობით ტონა ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, ხოლო სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით სხვადასხვა ტიპის დახმარება გაეწია საქართველოში ომს გამოქცეულ 20 000-ზე მეტ უკრაინელს.