სერბეთში, USAID-ის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვება, სპეციალურმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დაიწყო. უკვე გაჩხრიკეს ოთხი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი, რომლებიც ფინანსურ გრანტებს სწორედ USAID-დან იღებდნენ. საუბარია, ადამიანის უფლებებსა და საარჩევნო დარღვევებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ბელგრადში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტში.
სერბეთის ხელისუფლება, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობაზე საუბრობს. პარლამენტის სპიკერი, რომელიც წარსულში თავად თანამშრომლობდა USAID-თან დღეს აცხადებს, რომ უცხოური გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
რეჟიმის შეტევა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი ბელგრადის პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც წერია, რომ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობა ცდილობს საბოლოოდ გააჩუმოს ყველა, ვინც მას კორუფციის და სამოქალაქო უფლებების დარღვევების გამო უპირისპირდება.
სერბეთში სამოქალაქო საზოგადოების, სტუდენტური მოძრაობისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე, უკვე დიდი ხანია, ითხოვენ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მისი მთავრობის გადადგომას. ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები მმართველ პარტიას ადანაშაულებენ ამომრჩეველთა მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტებზე ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით დაფინანსებულ და მართულ პროცესზე საუბრობენ.