საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა რამდენიმე ძირითად პრიორიტეტზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის, სერვისებისა და პროგრამების გეოგრაფიულ გაფართოებაზე, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, პროგრამების შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე მორგებასა და უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, 2025 წელს სააგენტომ საქმიანობა დამატებით 9 მუნიციპალიტეტში დაიწყო და ახლა ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.
მისი თქმით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიზნით, აქტიურად მუშაობენ მობილური ჯგუფები.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სრულად განახლდა სააგენტოს ვებგვერდი, რომელიც უკვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც არის ხელმისაწვდომი, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შრომის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, 2025 წელს ამოქმედდა სამუშაოს მაძიებელთა სარეგისტრაციო პორტალის - „Worknet“-ის საპილოტე ვერსია, რომლის სრულყოფილად დანერგვა 2026 წლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მოქალაქეთა მიმართვიანობა 59%-ით გაიზარდა. სარეგისტრაციო პლატფორმაზე 13 ათასზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. რეგისტრირებულთა შორის 62% ქალი, ხოლო 13,4% ახალგაზრდა იყო.
გიორგი ცაგარეიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, 2025 წელს 58 მოთხოვნადი პროფესიის სწავლება დაფინანსდა, სააგენტომ 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან ითანამშრომლა, ხოლო პროგრამებში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, რაც პროგრამების მაღალ ეფექტიანობაზე მიუთითებს.
მომხსენებლის განცხადებით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. 2025 წელს სააგენტომ 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ითანამშრომლა, სისტემაში კი 14 600-ზე მეტი ვაკანსია აიტვირთა. ამასთან, ჩატარდა მასშტაბური დასაქმების 6 ფორუმი, რომლებშიც 900-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა. ფორუმების შედეგად, დასაქმების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.
ანგარიშის წარდგენისას გიორგი ცაგარეიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც დასაქმების პოლიტიკის განვითარებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და შრომის ბაზრის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.
მისი განმარტებით, 2026 წლიდან სააგენტომ სრულად დაიწყო ქვეყანაში შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა. ამოქმედებული სისტემის ფარგლებში, უკვე რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის თითქმის 29 000 მოქალაქე, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას მათი დასაქმების, პროფესიის, განათლებისა და სხვა მონაცემების შესახებ.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დასაქმების პროცესში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა პროფესიული კოლეჯების მიერ მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ საგანმანათლებლო შეთავაზებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.