გერმანიის და საფრანგეთის ელჩების შეხვედრა საპროტესტო წარწერების და მოწოდებების ფონზე, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
მმართველ გუნდში რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობენ და აინტერესებთ, იზიარებენ თუ არა დიპლომატები მათ უკან არსებულ ციტატებს.
"სამწუხაროდ, არამარტო ეს, უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ იმ "ენჯეოების" კამპანიები, რომელიც პირდაპირ ევროპული ფულით ფინანსდება: "84 ტყვია კეფაში", "მოვკლათ ქოცები", "ჩავუფურთხოთ ქოცებს" და ა.შ. აქვეყნებდნენ ჩვენს მონაცემებს და ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ მივარდნოდნენ პოლიტიკოსებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს და დააბულინგონ.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პოლიტიკა სკოლაში შევიტანოთ, ბატონი ვაშაძის ამორალური და ამაზრზენი განცხადება, რომ ბავშვებო, არ მიესალმოთ თქვენს მშობლებს, თუ ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიანო - ამაზე რომ დუმილი იყო მუდმივად დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ეს ხომ პირდაპირ წახალისებაა ასეთი ტიპის ქმედებების," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ფრანგ კოლეგასთან ერთად გორში, "ხელოვნების სახლის მიმართ“ სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ ფოტოებში, შეხვედრის პარალელურად, ეკრანზე ჩანს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერები და მოწოდებები. საელჩოების მხრიდან, ამ ეტაპზე, დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.