22 ივნისი 2026,   04:12
ვრცლად
დონალდ ტრამპი მეოთხე კვირაა მსოფლიო წესრიგის კონტურებს ხაზავს - შტატების 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ბევრის გეგმები არია, მათ შორისაა USAID-ისა და NED-ის საქმიანობა

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი მეოთხე კვირაა მსოფლიო წესრიგის კონტურებს ხაზავს. თავად პოლიტიკურ გეგმებს ალაგებს, თუმცა მისმა მეორედ მოსვლამ ბევრის გეგმები არია, განსაკუთრებით მათი, ვისზეც ტრამპის სამიზნე გასწორდა.

ვაშინგტონი და USAID-ის მთავარი ოფისი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შემდეგ დაიკეტა. კარი დაიხურა, თუმცა ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე საკითხი, არა. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმართ, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ეპითეტეპს ნამდვილად არ იშურებს, თუმცა ყოველი შემდეგი შეფასებისას კრიტიკა კიდევ უფრო მძაფრდება, ტონი კი მკაცრდება. კორუმპირებული და არაკომპეტენტური - ასე ხედავს დონალდ ტრამპი USAID-ს. ორგანიზაციის საეჭვო საქმიანობაზე, ტრამპთან ერთად აქტიურად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. მილიონების გაფლანგვის ბრალდებას ამჯერად კიდევ ერთი დაემატა - ილონ მასკი არ მალავს, რომ USAID-ს საქმიანობა სხვა ქვეყნების არჩევნებზეც გავლენას ახდენდა.

ამერიკაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ნათქვამმა სიტყვებმა, საქართველოში ბევრი პარალელი გაავლო, თან მაშინ, როცა არჩევნებზე ვსაუბრობთ. რატომ არ ამხელდა საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო? ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა ბევრჯერ დასმული კითხვა ადრესატებს ისევ გაუმეორა. მმართველ გუნდს USAID -თან დაკავშირებით ეჭვები სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუჩნდა.

არჩევნები გამონაკლისი არ არის. მმართველი გუნდის განცხადებით, მსოფლიოს უდიდესი დონორის გრანტებს ქვეყანაში რევოლუციური სცენარებისთვის იყენებდნენ. ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც მარკო რუბიო ამბობს, რომ ორგანიზაციის 50 მილიარდიანი ბიუჯეტიდან, მიზნობრივი ხარჯი მინიმალური იყო, უდიდესი ნაწილი კი სხვადასხვა საკითხებში იხარჯებოდა.

შტატების ახალი პრეზიდენტის ახალ ნაბიჯებზე ქართული ოპოზიციის ნაწილს კონკრეტული საუბარი არ სურს. ტრამპის მიერ დასმული კითხვის ნიშნების მიუხედავად, ორგანიზაციის ჩარევას საარჩევნო პროცესში გამორიცხავენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერც 2020 წელს იხსენებენ.

USAID-ის სკანდალი ამერიკის შიდა პოლიტიკური საკითხია "ძლიერი საქართველოსთვისაც". ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ამ საკითხით არარსებული პრობლემის აქტუალიზაცია მოახდინოს.

ოპოზიცია კრიტიკისგან თავს იკავებს, მმართველი გუნდისთვის კი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა ბევრ საკითხს ფარდა ახადა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიცია ქვეყნის შიგნით გარე ძალების ინტერების სასარგებლოდ მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის თქმით, მათ ოპონენტებს დღეს მკაფიო განცხადებების გაკეთება უჭირთ.

შიდა პოლიტიკურ საქმეებში და საარჩევნო პროცესებში ჩარევა - მთავრობის მეთაური საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან მიმართებით აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც USAID საკუთარი ფინანსებით რევოლუციური სცენარების დაგეგმვაშიც მონაწილეობდა.

საბიუჯეტო თანხების შესაძლო არამიზნობრივი ხარჯვის საკითხზე მოკვლევის დასრულებამდე, შტატების ახალი ადმინისტრაცია გლობალურ ორგანიზაციას სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს. USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კი, კონგრესში კანონპროექტი მზადდება, თუმცა ეს ორგანიზაცია გამონაკლისი არ არის. ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგი სამიზნე "დემოკრატიის ეროვნული ფონდია" – სახაზინო დეპარტამენტი "ნედის" დაფინანსებაზე უარს ამბობს.

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები