სამწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლსა და კრემლს შორის სატელეფონო კავშირი აღდგა. საუბარი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, საათ-ნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბრის დროს საერთო წარსულიც გაიხსენეს და ერთმანეთი საკუთარ ქვეყნებშიც მიიპატიჟეს. პირველი შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილი უკვე მონიშნული. ორი ქვეყნის ლიდერს საუდის არაბეთი უმასპინძლებს. დამანგრეველი ომის შემდეგ, პუტინთან პირველი კონტაქტის შესახებ მსოფლიომ დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.
ამერიკის პრეზიდენტმა პუტინთან საუბრის დეტალები ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტფაქტუმ შეატყობინა. მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე - ამ ფორმატით შეთანხმების მცდელობა კიევისთვის მიუღებელია. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ პროცესი პუტინის სცენარით არ უნდა განვითარდეს.
უარი უკრაინის ნატოში ინტეგრაციაზე - ეს კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. პუტინს საკუთარ საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხილვა არ სურს.
წინასწარი ინფორმაციით, ომის დასრულების მიზნით შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, მათ შორის, უკრაინის მონაწილეობით, თუმცა დამოუკიდებლად, ცალკე მოლაპარაკებებს გამართავენ ამერიკის და რუსეთის ოფიციალური პირები. ვოლოდიმირ ზელენსკის არც ფორმატი მოსწონს და არც წინასწარ გამჟღავნებული სცენარი. ამის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება კიევის გვერდის ავლით არ მოხდება. ათასობით მსხვერპლის, ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტს სჯერა, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ვლადიმერ პუტინს მშვიდობის დამყარება სურს.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარმა ევროკავშირში ბევრი საგონებელში ჩააგდო. დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, ევროპას ვლადიმერ პუტინის არ სჯერა.
მოლაპარაკებები ევროპასთან ერთად, თუ ევროპის გარეშე? ფორმატზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს. ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში შეხვედრებს მართავს. და რა იქნება შედეგი კიევისთვის? უკვე ცნობილია, რომ თეთრი სახლი არარეალისტურად მიიჩნევს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ისევე როგორც 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი ნებისმიერ ფასად ეცდება ომის დასრულებას. მას უკვე დიდი ხანია სურს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჩრდილიდან გამოიყვანა და პოლიტიკურ სცენაზე დააბრუნა საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ვლადიმერ პუტინი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ომის ავტორი და შემოქმედი.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმები აშფოთებთ მის კრიტიკოსებს ოკეანის ორივე მხარეს. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებმა შვედეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება გაახსენა, რომელიც ჰიტლერის რეჟიმისთვის მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის მიერ სუდეტის ოლქის გადაცემას ითვალისწინებდა.
უკრაინის ომის დასრულებაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მინერალები. სწორედ ძვირფასი წიაღისეული იყო მიუნხენში ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, შეერთებული შტატები კი ამ გარანტიებს ვაშინგტონისთვის იშვიათი ბუნებრივი რესურსის გადაცემაში ხედავს.
შედგება თუ არა გარიგება და ვინ რას მიიღებს - ამ კითხვას პასუხი სავარაუდოდ მალე გაეცემა. უკრაინაში კი რუსეთის აგრესია უკვე სამი წელია გრძელდება.
ვიდეოზარი ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 2021 წლის დეკემბერში შედგა. ბაიდენსა და პუტინს შორის ერთი შეხედვით კეთილგანწყობილი მისალმება, საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ზუსტად ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს ომს, რომელსაც უკვე ათი ათასობით ადამიანი შეეწირა. სამი წლის შემდეგ, ამჯერად დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარმა ახალი რეალობა შექმნა. ახლა მთავარი კითხვაა - როდის დასრულდება ომი? "ფაინენშელ თაიმსი" გარიგების დადების ორ სავარაუდო თარიღს ასახელებს - 20 აპრილი, რომელიც დროში ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს და 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.