29 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
"წინა ოთხ რეზოლუციას რამე ფასი ჰქონდა?! რამე შედეგი გამოიღო?! - ასევე, იქნება მეხუთე რეზოლუციაც, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება" - პაატა სალია

"წინა ოთხ რეზოლუციას რამე ფასი ჰქონდა?! რამე შედეგი გამოიღო?! - ასევე, იქნება მეხუთე რეზოლუციაც, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება. ეს არის ვიღაცის აღქმების გადატანა ქაღალდზე, რომელიც ნამდვილად ფარატინა ქაღალდად დარჩება", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელსაც დღეს უყრის კენჭს.

სალიას შეფასებით, რეალური შედეგი აღნიშნულ რეზოლუციას ვერ მოჰყვება.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ გვესმის დასაბუთება ამა თუ იმ კონკრეტული პირის მიმართ, რა პრეტენზია არსებობს, გარდა ზოგადი შეფასებებისა. ეს ზოგადი შეფასებები აქაური დესტრუქციული ძალების აღქმებზეა დაფუძნებული და მათ პატრონებზე ევროკავშირში. შესაბამისად, რეალური შედეგი ამ რეზოლუციას ვერ მოჰყვება და არც უნდა მოჰყვეს, იმიტომ, რომ უსამართლობაზეა დაფუძნებული", - აღნიშნა პაატა სალიამ.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას უყრის კენჭს. სხდომა სტრასბურგში ამ წუთებში იწყება. შეჯერებული ვერსიის პროექტში საუბარია ახალ არჩევნებზე, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე, ასევე, გარკვეული პირების - მთავრობის წევრების, მოსამართლეების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სანქცირებაზე. მოთხოვნათა ჩამონათვალშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც.

ევროპარლამენტში დარეგისტრირებულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციაც, რომლის წარდგინების ავტორიც ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვისაა." წარდგინებაში წერია, რომ გმობენ საპარლამენტო არჩევნების არაღიარების ინიციატივას და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ამავე, დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის, სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს.

დღის ამბები