29 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
"აქვთ ორი არჩევანი - ან დარჩებიან ქუჩაში ან შემოვლენ პარლამენტში და ასე დაუმტკიცებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას" - ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე

"ყველა პოლიტიკური პარტია თავისი შეხედულებებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას და სწორედ ამ შეხედულებების გათვალისწინებით, შემდგომ იმსახურებს ან არ იმსახურებს მოსახლეობის კიდევ ერთ ნდობას" - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გიორგი გახარიას გუნდის შესახებ გააკეთა. 

მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდს აქვს ორი არჩევანი - ან დათანხმდეს პარლამენტში მუშაობას და საკუთარი ამომრჩევლის ნებას დაემორჩილოს ან გააგრძელოს დემოკრატიის უგულებელყოფა. 

"ჩვეულებრივად თამაშობენ და თვალთმაქცობენ. მარტო ამათზე არ არის საუბარი. სხვა პარტიებმაც საარჩევნო დაფინანსება ჩაირიცხეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან იმ დროს, როდესაც ერთი ხმით არ აღიარებდნენ საარჩევნო შედეგებს. ჩვეულებრივი თვალთმაქცობაა, ცდილობენ გამოივაჭრონ ამ პროცესიდან. აქ ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, აქვთ ორი არჩევანი - ან დარჩებიან ქუჩაში ან შემოვლენ პარლამენტში და ასე დაუმტკიცებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას. ყველა პოლიტიკური პარტია თავისი შეხედულებებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას და სწორედ ამ შეხედულებების გათვალისწინებით, შემდგომ იმსახურებს ან არ იმსახურებს მოსახლეობის კიდევ ერთ ნდობას. ასე, რომ მათ ორი არჩევანი აქვთ - არ დარჩებიან ქუჩაში და გააგრძელებენ დემოკრატიის უგულებელყოფას და ამით ფაქტობრივად, დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას ან აღიარებენ იმ დემოკრატიულ ვერდიქტს, რაც მათ მიიღეს ოქტომბრის არჩევნებზე და შემოვლენ პარლამენტში. ბევრი დრო არ აქვთ დარჩენილი, საუბარია ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, თუ გააცდენენ სხდომებს, ეს იქნება საფუძველი მანდატების დატოვების", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ვისაც სადეპუტატო მანდატი შეუწყდა, გიორგი გახარიას გუნდს აკრიტიკებენ. გახარიას გუნდს პარლამენტისთვის მანდატების შეწყვეტის ოფიციალური განცხადებით ამ დრომდე არ მიუმართავს.

დღის ამბები