თბილისაა და რეგიონებში დღეს აქციებია დაგეგმილი. 16:00 საათზე, სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება "თბილისი მოლისკენ". საკითხს ეხმაურება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა კანონის ფარგლებს არავინ უნდა გასცდეს.
"დაჟინებით ცდილობენ, რომ ქვეყანა გადაჩეხონ უფსკრულში და ქვეყანა ჩაითრიონ ძალიან მძიმე პროცესებში. ჩვენი ხალხი ძალიან ნათლად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე: ეს არის ტიპური აგენტურული ქსელის მიერ ჩვენი საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ვფიქრობ, დრომ ყველაფერი გამოაჩინა ძალიან კარგად, ვხედავთ, რაც ხდებოდა და რა იყო მათი ნარატივი, საითკენ უბიძგებდნენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას და, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მათ საკადრის პასუხს გასცემს.
კონკრეტულად იკვეთება უკვე სახელმწიფოებრივი დანაშაულის ნიშნები. ჩვენ უკვე შემდგარი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ნებისმიერ ადამიანს თუ ძალას, ვინც შეეცდება ამ სუვერენული ქვეყნის გადატრიალებას და ჩამოშლის მცდელობა ექნება. ასე რომ, ყველა ასეთი დანაშაული იქნება დასჯადი და არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ თავის ნებაზე ქვეყნის ჯანჯღარი და ჩვენი ხალხის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება შეუძლია.
დაიღალა საზოგადოება - ხედავთ, როგორ გაღიზიანებას იწვევს ნებისმიერ მოქალაქეში მათი ქმედება - გზების გადაკეტვა, შენობების პიკეტირების მცდელობა და ა.შ. ეს არის დამახასიათებელი რადიკალი, სამოქალაქო არეულობაზე ორიენტირებული ძალებისთვის," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი.