22 ივნისი 2026,   16:02
ვრცლად
ისრაელი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის - ახლო აღმოსავლეთი საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოების ზღვარზეა

ისრაელში, გასულ ღამეს ისევ სირენების ხმა ისმოდა. განგაშის სიგნალი ამჯერად იემენიდან მომდინარე საფრთხის გამო იერუსალიმში გაისმა. ჰუსიტების დაჯგუფების მიერ გაშვებული რაკეტა, ისრაელის თავდაცვის სისტემამ დანიშნულების ადგილზე მიღწევამდე გაანადგურა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იემენიდან ისრაელს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ჰუსიტების დაჯგუფება ამას პალესტინელების სოლიდარობის აქტად მოიხსენიებს. საპასუხოდ, ისრაელმა დაარტყა იემენის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის დედაქალაქის მთავარ აეროპორტს, სამ საზღვაო პორტს და ორ ელექტროსადგურს. დღეს მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი, რომელიც თავდასხმის დროს აეროპორტში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაეროს მონაცემებით, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურება იემენს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აყენებს.

თავდასხმის პარალელურად, იემენის მოსახლეობა სხვადასხვა ქალაქში პროპალესტინურ მრავალათასიან შეკრებებს მართავს. ყველაზე დიდი დემონსტრაცია დედაქალაქ სანააში გაიმართა. მომიტინგეები და შეიარაღებული პირები პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებენ.

იემენის პარალელურად, ისრაელის ჯარებს ლიბანიდან მომდინარე საფრთხის გამკლავებაც უწევთ. ცახალის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ანტიტერორისტული ოპერაცია სამხრეთ ლიბანში. ისრაელის მხარის მტკიცებით, ერთ-ერთ აფთიაქში დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს, რაც ადასტურებს, რომ ჰეზბოლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ტერორისტული მიზნებისთვის იყენებს.

ისრაელის სამხედრო ოპერაციამ უკვე გამოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი ღაზას სექტორში. პალესტინური ანკლავის მონაცემებით, აქ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობამ 45 ათასს გადააჭარბა. "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზამთრის რთულ პირობებში სულ უფრო მცირდება დევნილი ღაზელების გადარჩენის პერსპექტივა, რომლებსაც ახლა ნანგრევებსა და კარვების ქალაქში უწევთ ცხოვრება.

არაბული ქვეყნების პროტესტი მოჰყვა ისრაელის სამხედრო რეიდს კამალ ადვანის საავადმყოფოში. პალესტინური მხარის მტკიცებით, ცახალის ჯარისკაცებმა შტურმის შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოს ნაწილს. ამ დროს სამედიცინო დაწესებულებაში 350 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 75 დაჭრილი პაციენტი. ღაზას ოფიციალური წყაროების თანახმად, ცახალის ჯარისკაცებმა ჩაატარეს დაჭრილებისა და პაციენტების ჩხრეკა ეზოში, საავადმყოფოს პერსონალი კი ახლომდებარე სკოლაში გადაიყვანეს. ისრაელის მხარე, კამალ ადვანის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციას ადასტურებს, თუმცა უარყოფს საავადმყოფოსთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს.

პალესტინა, ლიბანი, იემენი - ისრაელი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ახლა ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის. გაფართოვდება თუ არა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების არეალი, უცნობია. მოსალოდნელი თავდასხმის გამო, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს ირანი. ოფიციალური თეირანი შიშობს, რომ იემენში რეჟიმის დამარცხების შემდეგ, საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის მიმართულებით დაიწყება.

დღის ამბები