29 აგვისტო 2026,   01:55
ვრცლად
კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღე, დაძაბული გარემო და პროცესის შესაბამისობა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან - ვინ როგორ აფასებს ეუთო/ოდირის 53-გვერდიან შემაჯამებელ ანგარიშს

ყველაზე დიდ სადამკვირვებლო მისიას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის 55 დღე დასჭირდა. ეუთო/ოდირი ვრცელ ანგარიშში წინასწარი და შუალედური დასკვნების მიგნებებს იმეორებს. წერს, რომ საარჩევნო დღე პროცედურულად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი. ვრცელდებოდა ცნობები ამომრჩეველთა იძულებისა და ზეწოლის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხზე. ოდირი მთავარ პრობლემად ისევ პოლარიზებულ პოლიტიკურ და მედიაგარემოს მიიჩნევს, თუმცა იქვე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ.
ვრცელ ანგარიშში სადამკვირვებლო მისია მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

ეუთო /ოდირის რეკომენდაციები უკავშირდება ცვლილებებს როგორც კანონში, ასევე, პრაქტიკაში. მმართველი პარტია ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზად არის. საბოლოო ანგარიში, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, არის წყალგამყოფი, რომლითაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სპეკულაციები სრულდება. არგუმენტად პარლამენტის თავმჯდომარეს ორგანიზაციის კონკრეტული შეფასებები იმ სადავო საკითხებზე მოჰყავს, რომლის საფუძველზეც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ეუთო/ოდირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მხარეებს გადაჭრან პრობლემები პოსტსაარჩევნო დიალოგის გზით. თუმცა ოპოზიცია, რომელიც საბოლოო ანგარიშს ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებულად კითხულობს, ახალ არჩევნებს დღის წესრიგიდან არ ხსნის. მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, უფრო აქტუალური უნდა გახდეს.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებით, ოპოზიცია სასოწარკვეთილია. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ დასკვნამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები საბოლოოდ მოხსნა.

ოპოზიციის მსგავსად, დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკულს უწოდებენ არამთავრებო ორგანიზაციებიც. დღეს, ერთობლივი ბრიფინგზე განცხადება რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივად გააკეთა, მათ შორის იყო ISFED-იც, რომლის გადაწყვეტილება, არ გამოექვეყნებინა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ეუთო/ოდირის ანგარიშშიც მოხვდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენდნენ და მათი მიზანი ახლაც არჩევნების შედეგების დისკრედიტაციაა. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ამ მიზნით არ გამოაქვეყნა ISFED-მა პივიტი, რადგან შედეგები ცესკოს მონაცემებს დაემთხვა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობაც დადებითად შეფასდა, ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს ცესკო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მასში ხაზგასმულია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც, ცესკოს შეფასებით, ადასტურებს, რომ ამ საკითხზე დაინტერესებული მხარეების ბრალდებები უსაფუძვლო იყო და მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლას.

დღის ამბები