"ეუთო/ოდირმა ირიბად არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნებს" - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში ეუთო/ოდირის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
"ეუთოს დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უამრავი დარღვევით და ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, მხოლოდ პროცესის შეფასებას. თუმცა, ამას რატომ ამბობს? ლეგიტიმურად შეფასების შანსი წაართვა ივანიშვილის რეჟიმს. ანუ, ირიბად არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნებს.
საარჩევნო პროცესი შეფასებულია უარყოფითად. არსადაა ხსენება არც სამართლიანი, არც თავისუფალი არჩევნების.
დასრულდა საუბარი ეუთოს დასკვნის მოლოდინზე. ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც ოდესმე დაუწერიათ ამ ქვეყანაში.
არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა. წერტილი,"- წერს სალომე სამადაშვილი.