აშშ-ში მოქმედი უმსხვილესი ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიის, UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ტომპსონის მკვლელობისთვის ბრალი 26 წლის ლუიჯი მანჯიონეს წაუყენეს. პოლიციამ ის პენსილვანიის შტატში, ქალაქ ალტუნას "მაკდონალდსში" დააკავა.
მამაკაცს თან ჰქონდა არაიდენტიფიცირებადი იარაღი (ე.წ. Ghost Gun, იარაღი, რომელსაც სერიული ნომერი არ აქვს) და ხელნაწერი, რომელიც, გამოძიების თქმით, მის განწყობასა და მოტივაციაზე მიანიშნებს.
ლუიჯი მანჯიონე ბალტიმორიდანაა. მან პენსილვანიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. ის TrueCar-ში მონაცემთა ინჟინრად მუშაობდა და ვიდეო-თამაშების დეველოპერთა კლუბი დააფუძნა.
ყოფილი თანაკლასელები და მეგობრები მას "ნიჭიერ და გამორჩეულ" პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მან ოჯახთან და ახლობლებთან კავშირი გაწყვიტა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის ნივთებში აღმოჩენილი ხელნაწერი შეიცავდა აგრესიას და უკმაყოფილებას "კორპორაციული ამერიკის" მიმართ.
ამასთან, გამომძიებლების თქმით, ტომპსონის მკვლელობის ადგილზე ნაპოვნ მასრებზე ეწერა შემდეგი სიტყვები: "დაიცავი", "უარყავი", "განაგდე" ("defend", "deny", "depose"). ეს სიტყვები, შესაძლოა, ალუზია იყოს აშშ-ის სადაზღვევო კომპანიების ტაქტიკაზე, რომელსაც "დაზღვევის სამი D" (Three Ds of Insurance) ეწოდება. ტაქტიკა მოიცავს:
უარყოფა (Deny) – პრეტენზიის ანაზღაურების უარყოფა არგუმენტებით ან კონტრაქტის პირობებით.
დაყოვნება (Delay) – პრეტენზიის განხილვის გაჭიანურება დაზარალებულის დემოტივაციის მიზნით.
თავდაცვა (Defend) – იურიდიული ან ადმინისტრაციული მოქმედებები, რაც კომპენსაციის გადახდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ლუიჯი მანჯიონე ბალტიმორის ცნობილი ოჯახის წევრია, რომელიც უძრავი ქონების, კერძო კლუბებისა და სხვა ბიზნესის მფლობელია. მისი ოჯახის წევრი, რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ნინო მანჯიონე, მომხდარის შესახებ აცხადებს, რომ ოჯახი მომხდარით "შოკირებული და განადგურებულია".
წყარო: BBC