დამასკოს ოპოზიცია და მეამბოხეები აკონტროლებენ. სირიის მოსახლეობა ასადების 54 წლიანი რეჟიმის დასრულებას სახალხო ზეიმით ხვდება.
აჯანყებულებმა ასადის ციხეებიდან ათასობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. დღეს ციხეების კარი არასამთავრობო ორგანიზაციის "თეთრი ჩაფხუტების" თანამშრომლებმა გახსნეს. ადგილზე მისულებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. სასტიკადაა ნაწამები ათი ათასობით ადამიანი. წლების განმავლობაში ასადი პოლიტპატიმრებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა, საპატიმროებიდან ათასობით პოლიტპატიმრის ცხედარი გამოიტანეს. ციხეებში სპეციალური საყინულე კამერები აღმოაჩინეს, რომელშიც ასადი საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების ცხედრებს წლების განმავლობაში ინახავდა.
ასადის რეჟიმის დამხობაში საკვანძო როლი ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ შამიმ" შეასრულა. მისმა ლიდერმა, ჯულანიმ დამასკოში ამიადების ისტორიულ მეჩეთში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ კი განაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში ხალხის მიერ არჩეულ მთავრობისთვის ძალაუფლებას მშვიდობიანად გადაბარების შეუწყობს ხელს. სირიის მომავალი ხელისუფლების წინ ქვეყნის გაერთიანების ურთულესი ამოცანა დგება. სირიაში არსებულ გამოწვევებზე განცხადება დღეს გაეროს ტრიბუნიდან გაკეთდა.
სირიაში სიტუაციის დასტაბილურების შესახებ მიმდინარე დიალოგის პარალელურად ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონში პრო თურქულ და პრო ქურთულ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდამავალ პერიოდში სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბა. ცნობილია ამერიკის მეორე გადაწყვეტილებაც ჩადენილი დანაშაულების გამო შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ასადების ოჯახი და მასთან დაკავშირებული ათობით პირი დაასანქცირა.
შეერთებულ შტატებთან ერთად სირიის ტერიტორიაზე მდებარე ტერორისტების 250 ობიექტზე იერიშები ისრაელმაც მიიტანა. "ცახალმა" სახმელეთო რეიდიც დაიწყო, ახლა ისრაელ კაცის ტანკები დამასკოდან 25 კილომეტრის მოშორებით დგანან. ისრაელი სირიის ტერიტორიის დაკავებას დროებით ზომას უწოდებს და ხსნის, რომ ეს სამხედრო ოპერაცია ტერორისტულ დაჯგუფებებს საშუალებას არ მისცემს დემილიტარიზებული სასაზღვრო ზონა დაიკავონ და ისრაელის უშიშროება რისკის ქვეშ დააყენონ.
სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები. 13-წლიანი ომის შედეგად დაღუპულია 500 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე, ანასტასია აბაშიძე, ოთო გვრიტიშვილი.