ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა “დღის კურიერში“ ისაუბრა.
იონათამიშვილის თქმით, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე იყო საუბარი ისინი პრიორიტეტად შანტაჟს აყენებდნენ და არა საქმეს.
იონათამიშვილის თქმით, მმართველი გუნდის არჩევანი, შანტაჟის ნაცვლად საქმის კეთებაა.
“ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ სამი წლის მანძილზე, ისინი პრიორიტეტად აყენებდნენ შანტაჟს და არა საქმეს, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე იყო საუბარი. მიგვაჩნია, რომ თუ რამე არ არის ევროპული ღირებულება, ეს არის შანტაჟი. თუ რამე არის პრინციპი, რომელიც ნამდვილად ევროპულია, ეს არის საქმე, ამიტომ ჩვენი არჩევანი არის საქმე შანტაჟის ნაცვლად.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სირთულეებს ვაწყდებოდით და ასეთი შანტაჟის ენით გველაპარაკებოდნენ, მაინც შევძელით და მოვიპოვეთ პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროგრესს ვინ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენს საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ახსოვს. გვახსოვს, როგორ ჩამოსტიროდათ სახეები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ისიც გვახსოვს, როდესაც პერსპექტივა მივიღეთ ძალიან ბევრი აქტორი გამოვიდა და საბოლოოდ, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა უსამართლო გადაწყვეტილების გამო. ამიტომ, ეს შანტაჟი რომ იყო უსამართლო, ჩვენ თვითონ ამ პირებისგანაც მოვისმინეთ, ვინც ამ შანტაჟის უკან იდგა.
ჩვენი არჩევანი არის საქმე იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი სამართლიანობისა და დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. თუ ასე არ არის, მაშინ ვინმე გამოვიდეს და ახსნას, რომელი კრიტერიუმით დგას მოლდოვა საქართველოზე წინ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.