16 აგვისტო 2026,   08:57
ვრცლად
სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე დემონსტრანტებს საკმაოდ მძაფრი რეაგირება ჰქონდათ - დაშავებულია შსს-ს 32 თანამშრომელი

სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე დემონსტრანტებს საკმაოდ მძაფრი რეაგირება ჰქონდათ - მათ სამართალდამცველებს არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აქციის მონაწილეებისგან ისმოდა უცენზურო ფრაზები. სპეცრაზმის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს - ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

უწყების ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 43 პირი.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგს მოჰყვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები, გუშინ საღამოს, “ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს არაერთხელ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები