ევროპარლამენტში კანონმდებლებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ევროპელმა დეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე იმსჯელეს.
პარლამენტარებმა საკუთარი რეკომენდაციები წარადგინეს. საქართველოს მხარდაჭერის პარალელურად შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეფორმების აუცილებლობაზე.
"ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მათ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება.
ევროპამ ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ჩვენი მეზობლების მხარდაჭერა. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ომის დაწყების შემდეგ, თუმცა, ჩვენი გაფართოების პოლიტიკის მეთოდოლოგიისა და მოლაპარაკებების ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი რეგიონების მიმართ კვლავაც დაფუძნებულია ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესზე. დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიაღწევენ." - აცხადებს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი.
ევროპარლამენტის წევრი, ტონინო პიცულა ამბობს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი.
"ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გაფართოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. ამიტომ ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით. ევროკავშირმა უნდა გადალახოს გაფართოების ჩიხი, რაც უნდა მოხდეს გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური მიზნის, ასევე მეთოდოლოგიის მოდერნიზაციით. ამისთვის კი, გვჭირდება ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება პოლიტიკური ამოცანები, გატარდება საჭირო და დროული ინსტიტუციური რეფორმები.“ - განაცხადა ტონინო პიცულამ.
ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ლიუდას მაჟილისი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო. აქვე ამბობს, რომ მკაფიო პერსპექტივა უნდა მიეცეს საქართველოსაც.
"მგონი ჩვენ ამოვწურეთ ის რეაქტიული სიგნალები, რომლებსაც ვუგზავნით იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა დარჩნენ. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ დაუახლოვდით ევროკავშირს, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ მოიცადეთ და იყავით კანდიდატები. მსოფლიოს მოთმინება ამოუწურავი არ არის. ჩვენ ასე ვიქცევით და მერე გვიკვირს, რატომ ხდება მსოფლიო უფრო ევროსკეპტიკური, რატომ იხრება ისეთი საშიში ქვეყნებისკენ, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო. მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც. ჩემი აზრით, ჩვენ ასევე არასათანადოდ სწრაფად ვაძლევთ ამ ქვეყნებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან წვდომას. ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ თავი მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით, მათ უნდა დავეხმაროთ ფინანსურადაც," - აცხადებს ლიუდას მაჟილისი.