02 ივლისი 2026,   21:09
ვრცლად
"ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქება უკრაინის დავალებით იყო ორგანიზებული - გერმანიის პროკურატურის დასკვნა

ბალტიის ზღვაში "ჩრდილოეთის ნაკადისა" და "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის გაზსადენების აფეთქების გეგმა "უკრაინის სახელმწიფო ორგანოების დავალებით" შემუშავდა, - ამის შესახებ კარლსრუეში მდებარე გერმანიის ფედერალური პროკურატურის ბრალდების დასკვნაშია ნათქვამი.

დოკუმენტი შეიცავს 2022 წელს გაზსადენებზე განხორციელებული დივერსიის საქმეზე პირველი ეჭვმიტანილის, უკრაინის მოქალაქის სერგეი კ.-ს წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების დეტალებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სერგეი კ., რომელიც 2022 წელს "უკრაინის არმიის ოფიცერი" იყო და სხვა სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფოს დავალებით მოქმედებდნენ.

მათი მიზანი იყო მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდების მუდმივად შეწყვეტა და რუსეთისთვის იმ შემოსავლების წყაროს წართმევა, რომელსაც ის სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად იყენებდა.
გამოძიების ვერსიით, სერგეი კ.-მ და თანამზრახველებმა დივერსიისთვის იახტა გამოიყენეს, რომელიც გერმანიის პორტ როსტოკიდან ყალბი დოკუმენტებით გაიყვანეს.

გერმანული მედიის, კერძოდ ARD-ის, Süddeutsche Zeitung-ისა და Die Zeit-ის ცნობით, ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შეგროვებული მტკიცებულებები მყარია.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში წინასწარი პატიმრობისას სერგეი კ. ნათესავებთან სატელეფონო საუბარში თავის მონაწილეობას ადასტურებდა. ცნობილია, რომ საქმეში თავდაპირველად შვიდი ეჭვმიტანილი ფიგურირებდა, თუმცა ერთი მათგანი უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა. ეჭვმიტანილი იტალიაში 2025 წლის ზაფხულში დააკავეს, ნოემბერში კი გერმანიაში ექსტრადირებულ იქნა.

2022 წლის 26 სექტემბერს მომხდარმა აფეთქებებმა გაარღვია "ჩრდილოეთის ნაკადი 1", რომელიც მოსკოვის მიერ მიწოდების შეწყვეტამდე გერმანიისთვის გაზის მთავარი წყარო იყო. დაზიანდა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-იც", რომელიც ექსპლუატაციაში არასდროს შესულა. ფედერალური პროკურატურა სერგეი კ.-ს ედავება აფეთქების გამოწვევას, ქონების დაზიანებას, საჯარო სამსახურის საქმიანობის შეფერხებას და "ომის დანაშაულში თანამონაწილეობას" – სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის გამო.

აფეთქებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთი აფეთქებების ორგანიზებაში თავიდანვე აშშ-ს ადანაშაულებდა, რასაც ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფს. გაზსადენებზე განხორციელებულ დივერსიაზე პასუხისმგებლობა დღემდე ოფიციალურად არავის აუღია.

დღის ამბები