კოლორადოში მდებარე გეი კლუბში სროლა იყო - BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მოკლა 5 ადამიანი, 25-ზე მეტი დაშავდა. ეჭვმიტანილი, 22 წლის ანდერსონ ლი ალდრიქი პოილიციამ უკვე დააკავა.
კოლორადო სპრინგსის მერმა ჯონ საზერსმა განაცხადა, რომ კლუბში მყოფმა ადამიანებმა გმირობა და თავდადება გამოიჩინეს.
"ზარი პოლიციაში 11:57 საათზე შევიდა, სამართალდამცველები 12 საათზე უკვე კლუბში იყვნენ, გასაოცრად სწრაფი რეაგირება იყო.
ინციდენტი 12:02 საათზე უკვე დასრულებული იყო, რაც, უმეტესად იმის დამსახურებაა, რომ ორმა ადამიანმა შეძლო შეიარაღებული პირისთვის იარაღი წაერთმია. მათ თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსროლიათ, უბრალოდ დაარტყეს, რომ შეეჩერებინათ. ტრაგედია ბევრად მძიმე იქნებოდა, რომ არა ამ ადამიანების სწრაფი ჩარევა," - განაცხადა მერმა.
პოლიცია, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ ამბობს, რამდენი ადამიანი დაშავდა მომხდარის შედეგად, სამართალდამცველები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით კლუბში მყოფების ნაწილმა საავადმყოფოებს თავად მიმართა.
კოლორადოში მასობრივი სროლა არაერთხელ მომხდარა, მათ შორის - 2021 წელს სუპერმარკეტში, როდესაც 10 ადამიანი გარდაიცვალა. კოლორადო სპრინგსში კი, 2015 წელს, ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელები სიძულვილს არასოდეს შეურიგდებიან.