02 ივლისი 2026,   11:01
ვრცლად
აბიტურიენტების განწყობა ძალიან კარგია, იმედი გვაქვს, რომ საგამოცდო პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაივლის - თამარ მემანიშვილი

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა და უშუალოდ გამოცდა დაიწყო. ახალგაზრდები, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, როგორც ყოველთვის, პირველად, ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.

თბილისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში დილიდან იმყოფებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. გივი მიქანაძემ ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ მემანიშვილის განცხადებით, აბიტურიენტების განწყობა პოზიტიურია და ცენტრი იმედოვნებს, რომ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას არანაირი შეფერხება არ იქნება.

"დავიწყეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 9 საათიდან აბიტურიენტები შეუდგებიან უკვე თავიანთი დავალებების შესრულებას. აბიტურიენტების განწყობა ძალიან კარგია, ჩვენც ველოდებით რეგისტრაციის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ მთელი საგამოცდო პროცესი ამ სესიაზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაივლის“, - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.

ქვეყანაში სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. ყველა მათგანი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. გარდა ამისა, თბილისში მდებარე 8 ცენტრში მისასვლელად მეტროდან დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი.

აბიტურიენტთა რაოდენობა წელს 43 ათასს აღემატება.

დღის ამბები