უკრაინის დედაქალაქში განგაშის სიგნალია, რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. იწვის მანქანები. ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ. მეტროს წითელი ხაზის მუშაობა შეჩერებულია.
აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვში, მიკოლაევში, დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირშიც. მედია წერს, რომ ამ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, ოფიციალური კიევის მიმართ მუქარები ისმოდა რუსეთის დუმაში. რომ იმ შემთხვევაში თუ აფეთქებაში უკრაინის კვალი დადასტურდებოდა, კიევს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევდა. ბრალდებები ისმოდა რუსეთის საგარეო უწყების მხრიდანაც.
ცნობილი ხდება პირველი მონაცემები მსხვერპლის შესახებ. კიევში, მხოლოდ შევჩენკოს რაიონში დაღუპულია 8 ადამიანი. დაშავდა 24. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ქალაქის სხვა ნაწილებში. როგორც ვიცით. 10-მდე აფეთქების ხმა გაისმა დილიდან კიევის სხვადასხვა წერტილში. ძირითადად იქ, სადაც დღის განმავლობაში ათობით ათასი ავტომობილი და ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამ ზონების სიახლოვეს სამხედრო ობიექტები არ არის. მნიშვნელოვნად დაზიანდა ისტორიული ნაგებობები. ერთი-ერთი რაკეტა აფეთქდა ბავშვთა გასართობ მოედანზე. ჯერჯერობთ უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე და არიან თუ არა მათ შორის მცირეწლოვნები.
მოსახლეობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეაფარონ თავი უახლოეს თავშესაფრებს, ვინაიდან საჰაერო იერიშის საფრთხე კვლავ მაღალია. კიეველების დიდი ნაწილი უკვე რამდენიმე საათია მეტროსადგურებში იმყოფება. მიწისქვეშა სადგურებში და გადასასვლელებში იმყოფებიან ასევე ბავშვებიც. მათ უტარდებათ გაკვეთილები. სასწავლო პროცესები აფეთქებების ფონზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებებით მუშაობენ ინტერნეტპროვაიდერები და მობილური ოპერატორები.
ოფიციალურ პირებს განცხადებები ჯერჯერობთ არ გაუკეთებიათ. სოციალური ქსელებით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვრცელდება თვითმხილველების მიერ დაფიქსირებული კადრები, რომელიც კიევში დილიდან, აფეთქებების დროს გადაიღეს. ერთ-ერთი იერიში ბიბისის პირდაპირ ეთერშიც მოხდა.
განგაშის სიგნალი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოკუპანტებმა დილიდან განაახლეს შეტევა ისეთ ქალაქებზე, რომელთა მიმართულებითაც დიდი ხნის განმავლობაში არ უსვრიათ. მაგალითად, ლვოვი და ივანო ფრანკოვსკი. მძიმე მდგომარეობაა დნპერში. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის მიმართუილებით 40-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის და სხვა დიდი ქალაქების დაბომბვის შესახებ.