ყირიმის ხიდი იწვის, საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა. ოფიციალური ვერსიით, რომელსაც რუსული მხარე ავრცელებს, აფეთქდა სატვირთო ავტომობილი და მოგვიანებით ცეცხლი გავრცელდა სარკინიგზო ხაზზეც. აფეთქება დღეს გამთენიისას მოხდა.
ყირიმის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს, სწორედ ამ ხიდის მეშვეობით ხდებოდა ანექსირებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჯარისო დანაყოფების გადაყვანა, შესაბამისად, მისი აფეთქება ომის მიმდინარეობის პერიოდში ოკუპანტი რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა დღეს დილიდანვე დაავალა მაღალჩინოსნებს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს ხიდის აფეთქების მიზეზს.
ხიდის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურნენ უკრაინაშიც. "ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაბრუნდეს," - ასე გამოეხმაურა ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიხაილო პოდოლიაკი.
რაც შეეხება კონტრიერიშებს, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმატებით იბრუნებს, უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, კონტრიერიშების დაწყებიდან უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების 2434 კვ.კმ აქვს დაბრუნებული, რომელიც 96 დასახლებულ პუნქტს გულისხმობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის შეტევები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს.
"დღის განმავლობაში ოკუპანტებმა განახორციელეს საჰაერო იერიშები. მტერმა შეტევა განახორციელა 20-ზე მეტ დასახლებაზე, მათ შორის ირანული საფრენი აპარატებით. მათგან სამი უკრაინელმა სამხედროებმა გაანეიტრალეს. ოთხმა კი ზაპოროჟიემდე და მიკოლაევამდე მიაღწია. ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი ცდილობს გააძლიეროს ზომები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისკრედიტაციისთვის. ყალბი შინაარსის მასალების შექმნაში დამატებით ჩართული არიან რუსული მედიის სპეციალური კორესპონდენტები. ოკუპანტებმა საკონტაქტო ხაზთან სხვადასხვა სისტემებით 27-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე იერიშები მიიტანეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის შეტევები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს. გარდა ამისა მტერს აქვს დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის ასევე აღჭურვილობის მხრივ," - განაცხადა ოლექსანდრ სტუპუნმა.
უფრო და უფრო აქტიური და აქტუალური ხდება ბირთვულ საფრთხეებზე საუბარი. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის რუსული რიტორიკა იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვმა საკუთარი მოქალაქეების შემზადება დაიწყო ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის. ზელენსკი დასავლეთს გააქტიურებისა და პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, თუმცა აზუსტებს, რომ ეს არ გულისხმობს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.
"მათ უკვე დაიწყეს თავიანთი საზოგადოების მომზადება, ეს კი ძალიან საშიშია. რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ჯერ მზად არ არის, თუმცა კომუნიკაცია უკვე დაიწყეს. მართალია, ჯერ არ იციან გამოიყენებენ თუ არა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი საშიშია.
მე ვთქვი, რომ ჩვენ პრევენციული დარტყმები უნდა განვახორციელოთ და არა შეტევები. ჩვენ არ ვართ ტერორისტები. ჩვენ არ ვიბრძოლებთ სხვა ტერიტორიებზე. პრევენციულ დარტყმებში კი იგულისხმება სანქციები და არა თავდასხმები. ახლა საჭიროა ქმედება, რადგან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რისკს უქმნის მთელ პლანეტას. მსოფლიოს შეუძლია სასწრაფოდ შეაჩეროს რუსი ოკუპანტების ქმედებები. სანქციების პაკეტების გარდა, მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსებმა ატომური ელექტროსადგური დატოვონ," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.