700 000-მდე ნერგი, 20 კმ-მდე ახალი ბილიკი და 4 ახალი ჭაბურღილი - თბილისის ურბანული ტყის აღდგენისა და განვითარების პროექტი დასრულების ეტაპზეა. ვიზიტორებს უკვე აქვთ შესაძლებლობა სრულად განახლებული 45 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო და ველობილიკით ისარგებლონ.
700 ჰექტრამდე ფართობზე დაირგო მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები. ჩატარდა ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის აღდგენის სამუშაოები. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი, რომელმაც სიმბოლურად ტერიტორიაზე ნერგიც დარგო.
მწვანე საფარი, სუფთა ჰაერი და საპიკნიკე ადგილები - რეკრეაციული მიზნებისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურაც განვითარდა. დამონტაჟდა ძელსკამები, გადმოსახედები, მოსასვენებელი პავილიონები და თავშესაფრები. ფერდობიდან თბილისის პანორამული ხედები იშლება. ლანდშაფტსა და რელიეფთან მაქსიმალურად შერწყმული ქოხებიდან კი შესაძლებელია იშვიათ და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება.
პროექტი დედაქალაქის მერიასა და ფონდ "ქართუს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 24 მილიონი ლარია, რომელსაც სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ტერიტორიაზე მოიჭრა 52 000-მდე გამხმარი ხე. მოეწყო ოთხი ახალი ჭაბურღილი და სარწყავი სისტემა, რომელიც 200 ჰექტრამდე ტერიტორიას წყლით ამარაგებს.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ისიც, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ურბანულ ტყეს კოლხური ხოხობი და კაკაბი დაუბრუნდა. ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლებისთვის უნიკალური მეთოდია გამოყენებული. შედეგად, ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ფრინველები ბუნებრივ გარემოში იხილონ.
თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ფონდი "განვითარება და გარემო" ახორციელებს. ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ოქროყანის დასახლება ესაზღვრება. სპეციალისტების შეფასებით, ჩატარებული სამუშაოები ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.