აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კატარის პარლამენტის სპიკერი აბდულა ალ ღანიმი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი - ეს რეგიონის ქვეყნების და იმ სხვადასხვა სახელმწიფოების პირველი პირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ირანში უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ. პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებთან ერთად, თეირანშია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
ისლამურ რესპუბლიკაში 3-დღიან ეროვნულ გლოვას 15 მილიონამდე მოქალაქე დაესწრება. თეირანში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩასული, სახელმწიფოებს ადგილზე მთავრობის მეთაურები, პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და სპეციალური დელეგაციები წარმოადგენენ.
ირანში რეგიონის ლიდერების, მათ შორის, ნატო-ს წევრი ქვეყნის ვიზიტის მიუხედავად, ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს. ოპონენტების მთავარი არგუმენტია, რომ თეირანში ჩასვლამ, შესაძლოა, ვაშინგტონთან ურთიერთობა დაძაბოს. მმართველი გუნდისთვის ბრალდება უსაფუძვლოა. უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციის მიზანი გარე აქტორების დავალებით ქვეყნის საერთაშორისო არენაზე დისკრედიტაციაა.
რატომ არ შეიძლება იყოს საქართველო იქ, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი არიან - ოპოზიცია ამ კითხვის არგუმენტირებულ პასუხს გაურბის. ხელისუფლების ოპონენტები ან დუმან და საკითხს სხვა მიმართულებით განიხილავენ, ან აცხადებენ, რომ ირანში მყოფი ქვეყნების ხელისუფლებებს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა აქვთ არჩეული. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ საქართველოს მთავარ ამოცანაზე - იქცეს შუა დერეფნისა და რეგიონის ეკონომიკურ ჰაბად, რისთვისაც ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება აუცილებელია.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ოფიციალურ თბილისს პარტნიორობის გზიდან არცერთ ქვეყანასთან მიმართებით არ გადაუხვევია და არც მომავალში გადაუხვევს. კამპანია კი, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს იქ, სადაც რეგიონის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები იმყოფებიან, დაუსაბუთებელია.
თეირანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებსაც მართავს, მათ შორისაა აუდიენცია ირანის პრეზიდენტ მასუდ ფაზეშქიანთან. ორი ქვეყნის ლიდერებმა, მხარეებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.