09 დეკემბერი 2022,   19:47
ვრცლად
უკრაინული არმიის მორიგი წარმატება - უკრაინამ ხერსონის ოლქში სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი აიღო

უკრაინული არმიის მორიგი წარმატება - გათავისუფლებულია ხარკოვის ოლქის ბოროვას დასახლება. კიევის კონტროლს დაუბრუნდა ასევე სოფელი ბოგუსლავკა, სადაც მეომრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ღირსეული დახვედრა მოუწყო.

უკრაინული დროშა სამხედროებმა ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდის დასახლებაშიც აღმართეს. მანამდე კი ამ ოლქებში რუსი აგრესორების პოზიციებზე მასირებული შეტევა განხორციელდა. მხოლოდ ავიაციის 9 დარტყმის შედეგად, ოკუპანტების 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, მათ შორის 31 ტანკი და 27 ჯავშანმანქანა განადგურდა. ლიკვიდირებულია 90-მდე რუსი სამხედრო.

უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის და ხერსონის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებას, რუსულმა არმიამ რამდენიმე საათში ამავე ოლქებზე საჰაერო შეტევით უპასუხა. ხარკოვში 1 დაღუპული და 1 დაშავებულია. საჰაერო დარტყმით ოკუპანტებმა ქალაქის საავადმყოფო გაანადგურეს. ხერსონის რამდენიმე დასახლებას კი ოკუპანტები თითქმის ორი საათის განმავლობაში მძიმე შეიარაღებით უტევდნენ.

საზენიტო-სარაკეტო კოპლექს "ს-300-დან" გახსნეს ცეცხლი ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო. განადგურებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ბელარუსის მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავს ალექსანდრე ლუკაშენკო. მაგრამ ამბობს, რომ მინსკი რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობს. ბელარუსის პრეზიდენტის ინტერვიუს ადგილობრივი გამოცემები აქვეყნებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის დიალოგს გამორიცხავს. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად ეწინააღმდეგება კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას.

უკრაინის საზღვრების გადახედვას ეწინააღმდეგებიან და ქვეყნის დასაცავად მზად არიან აზოვის პოლკის მეთაურები. თუმცა შეთანხმების მიხედვით, ისინი თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა დარჩნენ. მანამდე კი, მარიუპოლის დამცველებს სიურპრიზი მოუწყვეს. ომის დაწყების დღიდან პირველად მათ ოჯახის წევრები - მეუღლეები და შვილები ნახეს. თურქეთში მათი ჩასვლა, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ უზრუნველყო.

დღის ამბები