03 დეკემბერი 2022,   00:55
ვრცლად
ენმ-ის წევრის, თენგო სანაიას გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თენგო სანაიას გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გიორგი მუმლაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე - იმის შესახებ, რომ მას სანაია სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სანაიამ ბრალდება არ დაადასტურა. არ დაადასტურა არც გავრცელებული მინაწერის ნამდვილობა.

"ჩემი აყვანა მოხდა ჩემს საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, სადაც დაახლოებით 6-7 მანქანა იყო პოლიციელებით სავსე. გიორგის განცხადებების გამო აღმოვჩნდი აქ, ის ადამიანი ფულის გულისთვის კადრულობს ყველაფერს, მათ შორის ამ უბინძურეს ამბავს. არაფერს ვადასტურებ, გამოძიებას მივეცი ამომწურავი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც გიორგი მუმლაძემ ილაპარაკა, რომ თურმე მე მას მოკვლით ვემუქრებოდი და ა.შ.," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, თენგო სანაიამ.

ცნობილია, რომ გამოკითხვის პარალელურად ჩხრეკა ჩატარდა თენგო სანაიას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი.

"ჩამომიღეს კარები ისე აბრახუნებდნენ, გავუღე კარები, შემომივარდა 20-25 კაცი ალბათ, მთელი სახლი სავსე იყო, ყველა ოთახში იყვნენ, გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამთ და შემოლაგდნენ. არც ფორმები ეცვათ, გადამიტრიალეს მთელი სახლი. ჩემი მეუღლის მობილური ტელეფონი წაიღეს," – აცხადებს თენგო სანაიას მეუღლე, თეო ედიშერაშვილი.

დღის ამბები