პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის შემდეგ ევროპამ ფაშიზმს და ნაციზმს უარი უთხრა, დღეს სხვა ფორმებით კვლავ ფინანსდებიან ის პირები, რომლებიც ფაშისტური და ნაცისტური ხასიათის განცხადებებს აკეთებენ და მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფას აყენებენ.
"1945 წლის შემდეგ ფაშიზმს და ნაციზმს უარი უთხრა ევროპამ, მაგრამ სხვა ფორმით, ახლა ვხედავთ, რომ აფინანსებენ ფაშისტური და ნაცისტური განცხადებების ავტორს, მაგინებელს მილიონ 120 000-ზე მეტი ადამიანისა.
ეს არის მცდელობა, რომ სეგრეგაცია მოახდინონ, დაყონ ერთმანეთისგან საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით. მათ რომ ჰქონდეთ საშუალება ალბათ სახვევებსაც ან სპეციალურ ნიშნებსაც გამოიყენებდნენ "ქართული ოცნების" მილიონ 120 000-ზე მეტი მხარდაჭერის მიმართ.
ამ ყველაფერს აფინანსებს მათ შორის დანია, იმ ქვეყნის წარმომადგენლობა, რომელიც ერთხელ უკვე გახვეული იყო სკანდალში.
ჩვენ გვახსოვს, რომ ისინი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულებრივად წინასაარჩევნო კამპანიას უტარებდნენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", თავისუფლების მოედნის ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, იმ ორგანიზაციის, რომელიც შემდეგ გახდა "ლელოს" ჩვეულებრივი პარტიული დანაყოფი და მანამდეც ასე იყო,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში დაგეგმილი მუსიკოსისა და აქტივისტის, "კორძის" კონცერტის მხარდამჭერები დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან. აღნიშნული სტრუქტურები "რუსთავი 2-ის" შეკითხვას, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას ღონისძიების შინაარსზე, ამ დრომდე არ პასუხობენ.