პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მხარდაჭერით გორში დაგეგმილი კონცერტი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ გადადგმული შეურაცხმყოფელი ნაბიჯია.
"ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება, შეურაცხმყოფელი ნაბიჯი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოსი. ევროკავშირის ელჩმა კეთილი უნდა ინებოს და გასცეს ამ კითხვებს პასუხი, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ნახევარ საქართველოს აგინებდა, ლანძღავდა და იმ რადიკალებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწოდნენ და მოსახლეობას ასეთი ლანძღვა-გინებით აწუხებდნენ, სიმღერებს უწერდა.
გვახსოვს ჩვენ აი, ამ ბატონის დაწერილი უხამსობები. წარმოიდგინეთ, რამდენად შეურაცხმყოფელი ფაქტია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი აფინანსებს აი ამ ბატონის, ამ უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან ჩვენს ქალაქ გორში, რომელიც არის ომ გადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად სწორედ ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი,"- აცხადებს სოსიაშვილი.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში დაგეგმილი მუსიკოსისა და აქტივისტის, "კორძის" კონცერტის მხარდამჭერები დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან. აღნიშნული სტრუქტურები "რუსთავი 2-ის" შეკითხვას, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას ღონისძიების შინაარსზე, ამ დრომდე არ პასუხობენ.