21 მაისი 2022,   04:24
ვრცლად
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ შეჯახება მათი მხრიდან არ მომხდარა" - რას აცხადებს ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატი

ვარკეთილში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამ დროისთვის დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

ადვოკატის განცხადებით, პირი, რომელსაც ბრალად პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება ედება, აცხადებს, რომ შეჯახება მათი მხრიდან არ მომხდარა.

"პროკურატურა დღეს შეიტანს აღმკვეთ ღონისძიებაზე მოთხოვნას. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, თავიდანვე იყენებდა დუმილის უფლებას და ბრალის წაყენების დროსაც გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, თითქმის 2 ტომზე მეტია. არის ასევე დისკზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ შეჯახება მათი მხრიდან არ ყოფილა, იყო დევნა," - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ორ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ, დღის ბოლოს წაუყენეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

შეგახსნებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს​ ბრალდება წარუდგინა.

 

დღის ამბები